თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება -რესპუბლიკელების“, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას და მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ბადრი გიორგაძის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ფრაქციის წევრებმა სააგენტოსა და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელებისგან მოისმინეს ინფორმაცია ბაღებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგების შესახებ და ისაუბრეს იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც ბაღის დირექტორები დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. ,,აუდიტის დასკვნების განხილვის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სისტემურ ხარვეზებთან. სააგენტო უნდა იყოს ბაღების პარტნიორი და შესამუშავებელია სისტემა, რომელიც უფრო ეფექტური თანამშრომლობის საშუალებას მისცემს სააგენტოსა და ბაღის პერსონალს“, - აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.
ფრაქციის სხდომის დასრულებისთანავე ხათუნა სამნიძე, გულიკო ზუმბაძე, დავით ზურაბიშვილი და ტრისტან ჯინჭარაძე თბილისის ბაგა-ბაღების ყოფილ დირექტორებს შეხვდნენ, მოისმინეს მათი არგუმენტები, ბაღებში არსებული პრობლემების შესახებ. ასევე აუდიტის მიერ გამოვლენილი ფინანსური დარღვევების გამომწვევ მიზეზებს გაეცნენ.